აშშ-რუსეთი

პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
Handelsblatt

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პუტინმა ბაიდენს გამარჯვება მას შემდეგ მიულოცა, რაც აშშ-ს საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად ბაიდენი აირჩია.

მიუხედავად იმისა, რომ 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავდნენ, ამ დრომდე კრემლი "არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას" ელოდებოდა და ბაიდენს გამარჯვებულად ჯერ არ აღიარებდა.

"ვლადიმირ პუტინ წარმატებას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს და გამოთქვამს რწმენას, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, შეძლებენ განსხვავებების მიუხედავად მსოფლიოს წინაშე არსებული ბევრი პრობლემისა და გამოწვევის გადაჭრას". – წერია კრემლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მიიღო. 6 იანვარს გაიმართება კონგრესის გაერთიანებული სხდომა, სადაც კოლეგიის არჩევანს დაამტკიცებენ. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ შეუდგება ის ოფიციალურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატს კოლეგიაში 270 ხმის მიღება სჭირდება. 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან კოლეგიაში მან 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი მხოლოდ 232.

გასულ თვეს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია ბაიდენს ოფიციალურად აირჩევდა პრეზიდენტად.

ტრამპს დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია და კვლავ დარღვევებზე საუბრობს, თუმცა თეთრი სახლის გადაბარების პროცესი უკვე დაიწყო და ბაიდენმა კაბინეტის წევრობის კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები