ევროპული საქართველო

ბოკერია: ქაღალდზე სისტემის ცვლილება მოპარული არჩევნების ლეგიტიმაციის საპირწონე ვერ იქნება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საზოგადოების და მათ შორის ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ამოცანაა, რომ 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შედეგები არ მიიღოს პოლიტიკურმა სპექტრმა როგორც ლეგიტიმური და ჩატარდეს ახალი, ვადამდელი არჩევნები. 

როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ უმრავლესობის მანდატის გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება, ლეგიტიმურობა არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ვადამდელი არჩევნებია. 

"ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების ქოლგის ქვეშ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნებო ადმინისტრაციის რადიკალური ცვლილებები და არამხოლოდ კომისიის თავმჯდომარის და ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილებები". – ამბობს გიგა ბოკერია. 

როგორც ოპოზიციური ლიდერი განმარტავს, ევროპული საქართველოს, ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პრინციპული პოზიციაა, რომ "მხოლოდ ქაღალდზე სისტემის ცვლილება არ შეიძლება მოპარული არჩევნების ლეგიტიმაციის საპირწონე გახდეს". გიგა ბოკერიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე დაწერილ თამაშის წესებს მნიშვნელობა აქვს, თუკი იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს, თამაშის წესების "ფეხებზე დაკიდება გასდის", ამ ზიანს ქაღალდზე დაწერილი, თუნდაც მნიშვნელოვანი რეფორმებით ვერ აანაზღაურებ. 

"ამიტომაცაა საკვანძო საკითხი ახალი, ვადამდელი, ნორმალური არჩევნების ჩატარება. ოპოზიცია მთლიანად არის მოწადინებული იმისკენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ ერთერთი ფორმაა, რის პარალელურადაც გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიცია კი გააგრძელებს ამომრჩეველთან ინტერაქციას. 

"ჩვენი ამოცანაა, რომ შიდა და გარე ზეწოლის ფონზე ივანიშვილი დროზე მოეგოს გონს, რომ ამ ვითარების შენარჩუნება, რაც ახლა აქვს, ამ სტატუს კვოსი და ქართული საზოგადოებისთვის იმის დაძალება, რომ უარი თქვას არჩევნებზე, როგორც ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმურ მეთოდზე, ვერ მოხდება. პოლიტიკოსებს და აქტიურ მოქალაქეებს მოლოდინები კი არ აქვს, ამოცანები აქვს, რისთვისაც უნდა გააკეთოს ყველაფერი". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატების მოპოვება შეძლეს, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. მათმა ნაწილმა უკვე მიმართა ცესკოს პარტიული სიის გაუქმებისთვის, რის შემდეგაც ის დეპუტატები, რომლებმაც მანდატები მიიღეს, ინდივიდუალურად იტყვიან მათზე უარს. 

11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ერთპარტიულად შეიკრიბა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გაიმართება მე-5 შეხვედრა. 

კომენტარები