არჩევნები 2020

კობახიძე ISFED-ზე: თუ გამოძიებაზე იქნა საუბარი, ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ISFED-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ეს მხოლოდ ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა მოხდეს. ამის შესახებ კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, თემა დელიკატურია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკელი და ევროპელი გადასახადების გადამხდელის ფულით" აკეთებს პროექტებს.

"ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, ამიტომ თემა დელიკატურია. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, მასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს, მინიმუმ, ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა". – ამბობს კობახიძე. 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ცნობით, შიდა აუდიტით გამოვლინდა ხარვეზი არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე, ხოლო არჩევნების დაბალი სტანდარტით ჩატარება კვლავ გამოიხატება საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.

სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის ცდომილების ხარისხი 0.7%-ია:
  • ქართული ოცნება – 47.6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%
  • ევროპული საქართველო – 3.8%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
  • ლელო – 3.2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%
  • გირჩი – 3.0%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

სამართლიანი არჩევნების მიერ 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული PVT-ს შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი ამ შემთხვევაშიც 0.7%-ია.

  • პატრიოტთა ალიანსი – 3.1%
  • ლელო – 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.0%
  • გირჩი – 2.8%
  • მოქალაქეები – 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%

მმართველი გუნდის შეფასებით, ISFED-ის განცხადების შემდეგ მოლაპარაკებების რეალობა შეიცვალა და ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით კი, მმართველმა პარტიამ ეს ხარვეზი, დიდი ალბათობით, უკანონო მიყურადებით იცოდა და მოლაპარაკებებისას გადათვლის შემოთავაზება "მახის დაგება" იყო.მისივე თქმით, PVT ვერანაირად ვერც აკონტროლებს და ვერც ზომავს ჩაყრას და კარუსელს.

კომენტარები