საქართველო-რუსეთი

МИД: საქართველოში NATO-ს აქტივობების ფონზე ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების აქტუალობა იზრდება

breakingnews.sy

რუსეთის საგარეო საქმეთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10 და 11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ "აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის და აშშ-ს" წარმომადგენლები ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით

საქართველოს, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების აქტუალურობა განსაკუთრებით იზრდება საქართველოსა და რეგიონში აშშ-სა და NATO-ს სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე –  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებითი მუშაობის დაბრუნების მნიშვნელობას საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და NATO-ს სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე საქართველოში და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში.

დისკუსიების მონაწილეებმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის და საქართველო-აფხაზეთის სასაზღვრო რაიონებში სიტუაცია აღიარეს როგორც ზოგადად მშვიდი. მისი შემდგომი სტაბილიზაცია შეიძლება განხორციელდეს საზღვრის ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსური მონაკვეთების დელიმიტაციის პროცესით, მათი შემდგომი დემარკაციით. ამავე დროს, კრიზისული პოტენციალი საკმაოდ მაღალი რჩება. რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში მომხდარი ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში". – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ ჟენევის პლატფორმის მუდმივ აქტუალურობაზე, "როგორც უალტერნატივო მოლაპარაკებების მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირი დიალოგის შენარჩუნებას, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს შორის".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული ახალი კოლექტიური გამოწვევებმა ხელი უნდა შუწყოს პოზიტიური გამაერთიანებელი დღის წესრიგის განვითარებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების "წარმატებული კოორდინაციის მაგალითი, რამაც შესაძლებელი გახადა საომარი მოქმედებების შეჩერება და პირობების შექმნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, ოპტიმიზმს აღძრავს და განსაზღვრავს სხვა დიალოგის ფორმატის მუშაობის მითითებებს".

კომენტარები