აგვისტოს ომი

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოცხადდება

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება. ინფორმაციას იუსტიციის სამინიტრო ავრცელებს. 

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს – საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: 

  1. სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  2. წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  3. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  4. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  5. სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
  6. საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი);
  7. განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  8. მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

"საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განნაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული "ისკანდერის" ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით". – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები