საქართველოს პარლამენტი

ერთპარტიულ სხდომაზე მქუხარე ტაშით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტი

ერთპარტიულმა სხდომამ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე ერთხმად დაამტკიცა. 86 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. შედეგების გამოცხადებას ქართული ოცნების დეპუტატების ტაში მოჰყვა.

საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის არცერთი დეპუტატი არ მისულა, ქართული ოცნების წევრებს კი, შენობაში შესვლა სსრკ-ის ჰიმნის ფონზე მოუწიათ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი, ერთპარტიული სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა ფასილიტატორების მონაწილეობით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა.

კომენტარები