ჩინეთი

ჩინეთში Bloomberg-ის თანამშრომელი დაიჭირეს

პეკინი, თიენანმენის მოედანი.
CNN

ჩინეთში, პეკინში დაიჭირეს Bloomberg-ის ოფისის ახალი ამბების თანამშრომელი, ჩინეთის მოქალაქე, ხაწე ფანი. ის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაშია ეჭვმიტანილი.

Bloomberg-ის თანამშრომელი თავისი ბინიდან 7 დეკემბერს ჩინეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს. 

Bloomberg-ი ოთხი დღის განმავლობაში ცდილობდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ გაერკვია. 

ფანმა Bloomberg-ში მუშაობა 2017 წელს დაიწყო, მანამდე ის მუშაობდა CNBC-ში, CBS News-ში, Al Jazeera-სა და Thomson Reuters-ში.

ჩინეთში უცხოეთის სიახლეების სააგენტოსთვის ჩინელ მოქალაქეს მხოლოდ ახალი ამბების ასისტენტად შეუძლია მუშაობა და უფლება არა აქვს, დამოუკიდებელი რეპორტიორი იყოს. 

სექტემბერში ჩინეთში ამავე ბრალდებით დაიჭირეს ავსტრალიელი ჟურნალისტი.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიოში, სულ მცირე, 250 ჟურნალისტი დააპატიმრეს. წელს ყველაზე მეტი, მინიმუმ 48 ჟურნალისტი ჩინეთში დააპატიმრეს.

ჩინეთი მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილზეა და უსწრებს მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს. გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები