საქართველოს პარლამენტი

"მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ" – პარლამენტის ერთპარტიული სხდომა კახაძემ გახსნა

"მივესალმები სრულიად საქართველოს ბინადართ, მივესალმები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ჩვენს ღვიძლ მოსახლეობას" - ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ქართული ოცნების უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

პარლამენტის უხუცესი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, თუმცა, იმის გამო, რომ ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, სხდომა ლადო კახაძემ გახსნა. ეს საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ერთპარტიულად შეკრების პირველი ფაქტია - არცერთი ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფება. მმართველი გუნდის დეპუტატებს კი, პროტესტისა და საბჭოთა ჰიმნის ფონზე მოუწიათ შენობაში შესვლა.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. 

თუმცა, მემორანდუმზე ხელი არ მოუწერიათ გირჩს, რესპუბლიკურ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს. როგორც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, პარტია მხარს უჭერს მემორანდუმს, უბრალოდ, "ცერემონიები" არ უყვარს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მოლაპარაკებების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ გეგმავენ. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, 31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშეც, რაც ოპოზიციის მთავარი და საერთო მოთხოვნა იყო, შეიძლება, განიხილოს პარლამენტში შესვლა. 

კომენტარები