არჩევნები 2020

უდუმაშვილი: ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი

rustavi2.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებებმა, მოლაპარაკების მაგიდა "პრაქტიკულად ააყირავა" და "თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივი იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა". 

"დღეს ნაციონალური მოძრაობა რისთვის უნდა მისულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ქართული ოცნება პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება საერთოდ. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი?!".- ამბობს უდუმაშვილი. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ალბათ, მომდევნო კვირას გაიმართება. 

რაც შეეხება ხმების გადათვლას, უდუმაშვილი ამბობს, რომ ეს ქართული ოცნების მხრიდან მორიგი სატყუარაა. 

"მათ რომ ნდომოდათ რეალურად უბნების გახსნა და ხმების დათვლა, ამას გააკეთებდნენ მაშინ, როცა ჩვენ ვითხოვდით და სარჩელები გვქონდა შეტანილი. იქ უკვე დიდი ხანია, ყველაფერი გასწორებულია, ანუ, რაც არ უნდა თვალო შენ, ვეღარც გაყალბებულ ბიულეტინებს იპოვი, ვეღარც დაუბალანსებელ ოქმებს იპოვი და ვეღარაფერს ვეღარ იპოვი. იქ გადათეთრებულია აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი სატყუარა ქართული ოცნების მხრიდან".- აღნიშნა უდუმაშვილმა.  

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის წევრებს შორის დღეს, 10 დეკემბერს აღარ გაიმართება.  

ირაკლი კობახიძემ, "ოცნების" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება დააინიცირებს კანონპროეტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა. კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ აკმაყოფილებს "ერთდროულად ორ საარჩევნო ცენზს" და ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით ემუქრება, ბოლო არჩევნებში ოფიციალურად 27.8% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა.

ამავე ბრიფინგზე, კობახიძემ თქვა, რომ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების "ამბოხის სცენარს".

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა.

 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები