არჩევნები 2020

სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დღეს არ გაიმართება

არჩევნები 2020
ტაბულა

სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის წევრებს შორის დღეს, 10 დეკემბერს აღარ გაიმართება.  

მოლაპარაკების გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაცია ტაბულას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაუდასტურეს. ასევე, უცნობია, როდემდე გადაიდო შეხვედრა.  

"ვისი ინიციატივით გადაიდო, ვერ გეტყვით. ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა ეს შეხვედრა". - ამბობს ზაალ უდუმაშვილი მთავართან ინტერვიუში.

გუშინ, 9 დეკემბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 9 ან 10 დეკემბერს შედგება, რადგან 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებაა დანიშნული. 

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები