ეკონომიკა

4.6 ლარი – ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

flickr.com

თსუ-სთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა და ანალიტიკური ცენტრის ISET-ის მიერ წარმოებულმა ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ინდექსი ნაციონალური კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მონაცემებით, ნოემბერში იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭიროა 4.6 ლარი, რაც ინდექსის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ ოქტომბერთან შედარებით ფასი 4.5%-ით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის ნოემბერთან შედარებით ფასი 12%-ით არის მომატებული.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლის ამ დროს, ახალი რძის მიწოდება სეზონურობიდან გამომდინარე მცირდება, ხოლო მარხვის დაწყებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა - როგორც უშუალოდ რძეზე, ასევე, რძის პროდუქტებზეც. 

ამის მიუხედავად, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხაჭაპურის გაძვირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაუფასურება იყო. წლიურ მაჩვენებელში ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო უკლებლივ ყველა ინგრედიენტზე ფასები გაიზარდა. როგორც ადგილობრივზე, ასევე, იმპორტირებულზეც. 

ფასების ზრდა წლიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ყველი – 17.1%;
  • ფქვილი – 16%;
  • რძე – 4.8%;
  • საფუარი – 15.3%;
  • კარაქი – 13.8%;
  • კვერცხი  – -1.8%

 ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა.

კომენტარები