არჩევნები 2020

იოსელიანი: თუ დავრწმუნდებით, რომ შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია, პარლამენტში შევალთ

ფორმულა

პარტია მოქალაქეების წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დარწმუნდებიან, რომ ქართულ ოცნებასთან მიღწეული შეთანხმება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პარლამენტში შევლენ.

"ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ ეს შეთანხმება ამ ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში. აბა, პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგეთ? არა, იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის თუ მივაღწევთ რაღაც უკეთესს, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში". – თქვა მან.

იოსელიანმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მოლაპარაკებების რესურსი კიდევ არსებობს და წითელი ხაზები, რაც აქამდე არსებობდა, უკვე აღარ არის წითელი ხაზები, რადგან პოზიციების დაახლოვების შანსი გაჩნდა.

"თუ ხედავ, გწამს და გჯერა და მე ამიტომ ვარ პოლიტიკაში, რომ რაღაც შენი ქვეყნისთვის არის უკეთესი და ეს ამ ქვეყანას წაიყვანს წინ, აი, როგორი ბულინგიც არ უნდა მოყვეს ამას, მთელი დედამიწა რომ დაგვიპირისპირდეს, ჩვენ ამ აზრზე დავრჩებით და ამისთვის ვიბრძოლებთ. იმიტომ რომ გავა დრო და აღმოჩნდება, რომ ეს იყო სწორი". - თქვა მან.

მოქალაქეების წევრის თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა ევროპულ საქართველოსა და კონკრეტულად ორ ადამიანს - გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას სურთ.

"მე ოპოზიციურ ერთობაზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, თუ ვხედავ, რომ ოპოზიციის ერთობის ერთ-ერთ სუბიექტს უნდა, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს და ჩვენს საზიანოდ მოქმედებს, ნამდვილად არ გავჩუმდები, ამოვიღებ ამაზე ხმას და ეს გავაკეთეთ ჩვენ დღეს. არ მივცემთ მაგათ საშუალებას, რომ ორმა კაცმა პირად ინტერესებს გადააყოლოს შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. მე არ მინდა, ამ ქვეყანაში რევოლუცია და გაზაფხულზე ამბოხებები". - თქვა მან.

ლევან იოსელიანის გარდა, ევროპული საქართველო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, "ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ".

მოქალაქეების ლიდერი, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან მორიგი შეხვედრის შემდეგ ის მოლაპარაკებებს დეტალებს გაასაჯაროებს. აქამდე ოპოზიციური ლიდერები მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ფასილიტატორების, საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების მოთხოვნა იყო.

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები