ეკონომიკა

თურნავა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე: ეს მომჭირნეობის წელია

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე ისაუბრა. თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელს მთავრობა რეკორდული 18.4 მილიარდი დახარჯვას გეგმავს, ბიუჯეტი ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული. 

თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბიუჯეტით 60 მილიონი ლარით იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხარჯების მოცულობა, ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი მაინც მცირდება.

"ფული ყველაზე მეტად ხელფასებს მოაკლდება, პირველ რიგში. მე არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ზოგიერთ ჩვენ ოპოზიციურ კრიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ მომავალ წელს თითქოს ბიუჯეტში იზრდება ხელფასები, თუ კი რამე იზრდება ეს არის მასწავლებლის, ჯარისკაცის, პოლიციელის ხელფასი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს მთლიანობაში სახელმწიფო ფონდი აკლდება, მაგრამ ცალსახად გაიზარდა მეწარმეობაზე გასაცემი ხარჯები". - ამბობს თურნავა.

მინისტრი მთავრობის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით ამბობს, რომ "რა თქმა უნდა, ეს მომჭირნეობის წელია."

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ხარჯები, მიმდინარე წელთან შედარებით, 2.5 მილიარდი ლარით იზრდება. გაზრდილი ხარჯების ფინანსირების მთავარი წყარო კი, წლევანდელის მსგავსად, ახალი საგარეო ვალი იქნება. 

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყანა 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. ახალი ვალის დიდი ნაწილი მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა [1.4 მილიარდი ლარი] და ბიუჯეტის კრედიტების მხარდაჭერისთვის [2 მილიარდი ლარი] არის გათვალისწინებული. 

ყველაზე მეტი დაფინანსება, წინა წლების მსგავსად, მომდევნო წელსაც კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის იქნება განკუთვნილი. უწყების ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 50 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 5.5 მილიარდს გადააჭარბებს.

კომენტარები