არჩევნები 2020

ბაქრაძე: რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. მან ჩამოთვალა ის საკითხები, რაც მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ დააყენა და თქვა, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვან თემებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება, თუმცა არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს.

"დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ მე პატივს ვცემ ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ ქართული ოცნების პოზიციებს, მათ თავად ილაპარაკონ საკუთარ პოზიციებზე. შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და რაც ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას.

მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის და რაზეც მიდის საუბარი. პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. მეორე საკითხი არის პოლიტპატიმრების საკითხი. მესამე საკითხი არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები. მეოთხე საკითხია საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩემი პარტიის პოზიცია: ამის გარეშე ჩვენ არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხზე, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება, გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერანაირად ვერ ცვლის ჩვენთვის რიგგარეშე არჩევნების საკითხს.

რაც შეეხება მეოთხე საკითხს, საარჩევნო გარემოს, არსებობს გარკვეული, უფრო მეტად ტექნიკური შინაარსის საკითხები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია. მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს ვითარება უბნებზე და როგორ იყოს ხმები უფრო დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით.

თუ შევაჯამებთ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში, რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი და დაახლოება არ გვაქვს. საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხება შედგეს". – თქვა მან.

კომენტარები