ევროპული საქართველო

კაპანაძე მოლაპარაკებებზე: საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული

ევროპული საქართველოს სპიკერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ მიაჩნია სწორად გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური ლიდერები ღიად არ ესაუბრონ საზოგადოებას იმაზე, რა ხდება ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე. 

სერგი კაპანაძის შეფასებით, საზოგადოება მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, თუმცა, ეს პირობა ელჩების მიერ იყო წამოყენებული და მათ ანგარიშს უწევენ. 

"მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. უბრალოდ, როდესაც ეს პირობა იდება ხოლმე შეხვედრაზე, მერე არ გვინდა, რომ დავარღვიოთ, თორემ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი დეტალი უნდა იყოს ცნობილი და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც გვაქვს შიგნით, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ, ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ გარკვეული ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი". – თქვა სერგი კაპანაძემ ფორმულას ეთერში. 

როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, მისთვის გასაგებია, რომ მოლაპარაკებების დეტალები ლაივ-რეჟიმში ვერ გადაიცემა და არც ყველაფერზე ღიად საუბარია სწორი, თუმცა, მისი განმარტებით, მთავარ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია. 

"საზოგადოების ინფორმირება მთავარ საკითხებზე, იმაზე, თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები, რა არის მთავარი პრობლემები ან სად არის გადაკვეთის წერტილები, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო ღია უნდა იყოს საუბარი". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ ერთმანეთთან შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

კომენტარები