არჩევნები 2020

კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი პარლამენტში

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მკაფიოა და ისინი მტკიცე უარზე არიან, კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომავალი წლისთვის ყველა დეპუტატი იქნება წარმოდგენილი საქართველოს რიგით მეათე მოწვევის პარლამენტში. ამის შესახებ კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულებისას ისაუბრა.

"წინასწარ ვერ გვექნება კონკრეტული მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით". – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა.

როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები