არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს ხაზები უკავშირდება ხელახალ არჩევნებს

"ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეს ყველასთვის ცნობილია და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები უკავშირდება ხელახალ არჩევნებს". – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკაში პოზიციების დაახლოვება უნდა მოხდეს და იმედი აქვს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის პარლამენტის პირველ სხდომამდე მიიღწევა.

"რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც ბევრი არ არის დარჩენილი და მე იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის". – თქვა კობახიძემ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ახლახანს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები