არჩევნები 2020

ნათელაშვილი: იმ ორგანოში, რომელიც ივანიშვილმა დააკომპლექტა, გამორიცხულია შესვლა

ipress

"იმ ორგანოში შესვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა საკუთარი ხელით, გამორიცხულია, ეს პარლამენტი არ შედგება, ესაა მკვდრად შობილი ორგანო". – ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ. ნათელაშვილის თქმით, ისინი ელჩებთან შეთანხმდნენ, რომ შედეგის მისაღწევად, ჯერჯერობით, შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრებენ.

"თითქოს, რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა". – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ახლახანს დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები