არჩევნები 2020

ბაქრაძე მოლაპარაკების მესამე რაუნდზე: რამდენიმე მთავარ საკითხზე პოზიციები ვერ დაახლოვდა

"შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა". – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა. 

როგორც ბაქრაძე განმარტავს, ელჩების თხოვნით, მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მისივე თქმით, ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. 

"ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ, ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა. ამიტომ, გაგრძელდება პროცესი და ხვალ იქნება კიდევ ერთი შეხვედრა". – ამბობს ბაქრაძე. 

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართა. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები