არჩევნები 2020

ბაქრაძე მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე: გვსურს პოზიციები დაახლოვდეს და შეთანხმება შედგეს

დავით ბაქრაძე
ტაბულა

"ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს მათ შორის გაყალბებული არჩევნების შედეგების უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას". - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან თქვა. 

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები ძალიან განსხვავებულია, თუმცა მათი სურვილია, ეს პოზიციები დაახლოვდეს და შეთანხმება შედგეს. 

"პროცესი რთულია ნამდვილად, პოზიციები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს. რა თქმა უნდა, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, იმიტომ, რომ კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც დღეს ვმუშაობთ, შექმნილია გაყალბებული არჩევნების შედეგად. ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს მათ შორის გაყალბებული არჩევნების შედეგების უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრას". - ამბობს ბაქრაძე. 

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი იმართება. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

    კომენტარები