არჩევნები 2020

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი დაიწყო

ტაბულა

დღეს, 7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი იმართება. როგორც ოპოზიციური ლიდერები აქამდე ამბობდნენ, "ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა" და მოლაპარაკებების ამ რაუნდზე სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ შემხვედრი წინადადებით. 

მხარეებმა მოლაპარაკებებზე შესვლამდე მედიასთან ზოგად კონტექსტზე ისაუბრეს და კონკრეტულ კომენტარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დაჰპირდნენ. თუმცა, ვრცლად ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. 

"ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა, ვპროგნოზირებ ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს ყველა მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო". – თქვა ელჩმა. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. 

ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები