არჩევნები 2020

"მოლაპარაკებები გრძელდება" – ლელოს ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა

ევროპული საქართველო

პარტია ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ლიდერები მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავ თავს იკავებენ. ცნობილია, რომ მსჯელობა გრძელდება და ოპოზიციამ ქართული ოცნებისგან საპასუხო წინადადება მიიღეს.

"მოლაპარაკებები გრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება საჯაროდ, მკაფიოდ არ იტყვის, მოდის ის კომპრომისზე, თუ არ მოდის. უახლოეს პერიოდში, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, გადაწყდება ძალიან ბევრი რამ". – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

გირჩის წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციამ ქართული ოცნების მიერ წარდგენილ წინადადებაზე იმსჯელა და ისინი ერთიანი მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ელოდებიან. 

"ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა თავისი წინადადება, მიდიოდა პოზიციების შეჯერება ამ წინადადებასთან დაკავშირებით. ჩვენ უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების მეორე ტურს ველოდებით, ამიტომ ოპოზიციამ შევაჯერეთ ამასთან დაკავშირებით პოზიცია". – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა მათი ერთიანი ხედვა ოფიციალური წერილობითი ფორმით გადასცეს. ლიდერების თხოვნა იყო, ეს პოზიცია ოფიციალურად მიეწოდებინათ ქართულ ოცნებისთვის და იმავეს ელოდნენ მმართველი პარტიისგანაც.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვილება, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

კომენტარები