ეკონომიკა

წელს შემოსავალი 160 000-მა დაქირავებით დასაქმებულმა და 250 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა

mcm.ge

გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი წარმოადგინა. პაკეტი არსებითად პანდემიის პირველი ტალღის დროს შემოღებული პროგრამების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ამჯერად პირდაპირი კომპენსაციის მიმღებთა წრე საგრძნობლად შემცირებულია. 

მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადებისა და ეკონომიკის ცალკეული სექტორებისთვის საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებასთან ერთად გაგრძელდა, ასევე, იმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემის პროგრამა, რომელთაც შემოსავალი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაკარგეს. 

პროგრამა 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს. ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციაა გათვალისწინებული იმ თვითდასაქმებულთათვის, რომელთაც შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგეს. თუმცა გაზაფხულისგან განსხვავებით, ამჯერად კომპენსაციის მიღება მხოლოდ იმ თვითდასაქმებულებს შეეძლებათ, რომელთაც საქმიანობის შეჩერება ახალი მასშტაბური შეზღუდვების გამო მოუწიათ. 

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ იმ თვითდასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც 300- ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ კიდევ უფრო შემცირდება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა, თუ რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია პროგრამის პირველ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზაფხულზე ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ქვეყანაში არსებული 820 000 თვითდასაქმებულიდან 248 817 მოქალაქემ მიიღო. სულ პროგრამაში განაცხადი 251 167 მოქალაქემ შეიტანა, თუმცა მათ ვერ შეძლეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოსალოდნელია, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომპენსაციას არეალის კიდევ უფრო დავიწროების გამო მაქსიმუმ 120-125 000 მოქალაქე მიიღებს. 

რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროგრამის პირველ ეტაპზე 162 220 უნიკალური მომხმარებელი დარეგისტრირდა, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ეკონომიკური კრიზისის გამო. 

ამ პროგრამით სარგებლობა მოქალაქეს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეუძლია. გაზაფხულზე 200-ლარიანი ყოველთვიური დახმარება 6 თვის განმავლობაში სულ 70 130-მა მოქალაქემ ისარგებლა, 5 თვის განმავლობაში 13 675-მა მოქალაქემ, 4 თვის განმავლობაში 7 619-მა მოქალაქემ, 3 თვის განმავლობაში 14 220-მა მოქალაქემ, 2 თვის განმავლობაში 28 454-მა მოქალაქემ, პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეძლო 28 122-მა მოქალაქემ. 

კომენტარები