აშშ-ჩინეთი

აშშ-ს დაზვერვა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩინეთი ყველაზე დიდი საფრთხეა თავისუფლებისთვის

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის უფროსმა, ჯონ რეტკლიფმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ჩინეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. მისივე თქმით, ჩინეთი გლობალურ ბატონობას ესწრაფვის.

"დაზვერვა ნათელია [ამ საკითხზე]: პეკინს განზრახული აქვს აშშ-ზე და დანარჩენ მსოფლიოზე ეკონომიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ბატონობა". – აღნიშნა მან.

მისივე სიტყვების თანახმად, ჩინეთი დღეს აშშ-სთვის უდიდესი საფრთხეა. 

მან თქვა, რომ ჩინეთის ეკონომიკური შპიონაჟის მიდგომა სამი ნაწილისგან შედგება: "მოპარვა, გამეორება და ჩანაცვლება" - ამ სტრატეგიით ჩინეთის კომპანიები იპარავენ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებას, აკოპირებენ და შემდეგ გლობალურ ბაზარზე ამერიკულ კომპანიებს ანაცვლებენ. 

რეტკლიფმა, ასევე, ჩინეთს ბრალი დასდო აშშ-ს თავდაცვის ტექნოლოგიების მოპარვაში, რათა წინ წაეწიათ სი ძინფინგის აგრესიული სამხედრო გეგმები.

მან ისიც თქვა, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჩინეთის სახალო არმიის წევრებზე ტესტები აქვთ ჩატარებული "ბიოლოგიურად გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ჯარისკაცების განვითარების იმედით". თუმცა, არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია.

აშშ-ს ანალიტიკური ინსტიტუტების აზრით, ჩინეთი მის სამხედრო სტრატეგიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბიოტექნოლოგიას, თუმცა, მათ დეტალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ იმის შესახებ, რაშიც რეტკლიფი ჩინეთს ადანაშაულებს.

რეტკლიფმა აღნიშნა, რომ მან ჩინეთზე ფოკუსირების მიზნით ფედერალური ბიუჯეტიდან დაზვერვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები გადაანაცვლა.

ჩინეთის საელჩოს სპიკერი რეტკლიფის სიტყვებს "ფაქტების გამანადგურებელს და ფარისევლურს" უწოდებს. 

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-მ ჩინეთს არაერთი დიპლომატიური და ეკონომიკური სანქცია დაუწესა. ტრამპმა გაერო-ს მოუწოდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ჩინეთს მისი ქმედებების გამო პასუხი აგებინოს და სხვა.

კომენტარები