ნარკოდანაშაული

შსს: 7 კილოგრამი ჰეროინი ამოვიღეთ – დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალების ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარია. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ა.ა. 

"სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი". – წერია განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები