საფრანგეთი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში Covid-19-ით გარდაიცვალა

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ის გართულებებით საავადმყოფოში ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს.

ჟისკარ-დ’ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-1981 წლებში იკავებდა. მას ევროპული ინტეგრაციის არქიტექტორობასთან ერთად არაერთი ლიბერალური და ეკონომიკური რეფორმა მიეწერება, მათ შორის არის ქვეყანაში სწრაფმავალი სარკინიგზო ქსელის მშენებლობა, განქორწინების ორმხრივი თანხმობის საფუძველზე დაკანონება და აბორტის ლეგალიზაცია.

საფრანგეთის პარლამენტში მას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. მის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.

"მის გარდაცვალებას საფრანგეთში გლოვა მოჰყვა. ის სახელმწიფოს მსახური იყო, პროგრესისა და თავისუფლების პოლიტიკოსი. გარდა ამისა, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი იყო დიდი ევროპელი. ევროპული საბჭოს შექმნა, ევროპული პარლამენტის არჩევა პირდაპირი, უნივერსალური ხმის მიცემის სისტემით, სავალუტო ერთობის შექმნა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს დაფუძნება - ყველა ამ მიღწევას მისი დაღი აზის". – თქვა საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

"ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი დარჩება პრეზიდენტად, რომელმაც მოახდინა საფრანგეთის მოდერნიზაცია. დღეს ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიოსათვის გახსნა აარჩია". – დაწერა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

"ის მთელი ცხოვრება მუშაობდა ევროპის ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად, სურდა და მიაღწია პოლიტიკური ცხოვრების მოდერნიზაციას და თავისი შესანიშნავი ინტელექტი მიუძღვნა ყველაზე რთული საერთაშორისო პრობლემების გადაჭრას. ის არის კაცი, რომელმაც საფრანგეთს ღირსება მოუტანა". – თქვა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

კომენტარები