ეკონომიკა

ლარის გაუფასურების გამო სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

მიმდინარე წელს სახელმწიფო ვალის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის გაუფასურებაა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. 

დოკუმენტის მიხედვით, წელს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო ვალის მოცულობა 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. 

გუშინ, 1 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ქვეყნის ბიუჯეტი რეკორდულ 18.4 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯვას. 

გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო კი ახალი საგარეო ვალი იქნება. მომდევნო წელს მთავრობა კიდევ 5.2 მილიარდ ლარს ისესხებს. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, 2021 წელს საქართველოს მთავრობა შიდა ვალის აღებას არ გეგმავს. საგარეო ვალთან შედარებით, შიდა ვალი, როგორც წესი უფრო ძვირია ხოლმე, მიმდინარე წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.8 მილიარდი ლარი აიღო. 

ამგვარად, 2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა ჯამურად 33.6 მილიარდ ლარს გაუტოლდება და ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 

მოცემული 33.6 მილიარდი ლარიდან 27.7 მილიარდი ლარი საგარეო ვალი, ხოლო საშინაო ვალი კი თითქმის 6 მილიარდი ლარი იქნება. 

კომენტარები