არჩევნები 2020

უდუმაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე: შევიკრიბებით მეტეხთან, მოვაწერთ დეკლარაციას ხელს

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ყველა ოპოზიციური პარტია მეტეხთან შეიკრიბება, დეკლარაციას გააფორმებენ და ხელს მოაწერენ.

"გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად, ჩაიხსნება ყველა პარტიული სია". – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიკრიბება საქართველოს რიგით მეათე მოწვევის პარლამენტი.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 100%. ფაქტობრივად ერთპარტიულ არჩევნებში 17-ვე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

ამასთან, მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.

დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა ქვეყნის მასშტაბით სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები