ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი ძაღლთან თამაშის დროს წაიქცა და ფეხის ძვალი გაიბზარა

ჯო ბაიდენი და მისი ძაღლი, მეიჯორი
DELAWARE HUMANE ASSOCIATION

აშშ-ს პრეზიდენტად გამოცხადებულმა ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი დაიზიანა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პირადმა ექიმმა დაადასტურა.

78 წლის ბაიდენს ორი გერმანული ნაგაზი ჰყავს. ერთ-ერთთან თამაშის დროს მას კოჭი გადაუბრუნდა და წაიქცა, რა დროსაც ძვალი გაებზარა.

მას რამდენიმე კვირის გამავლობაში ორთოპედიული ფიქსატორით მოუწევს სიარული.

ბაიდენის ექიმი ამბობს, რომ სხვა მხრივ, ის ჯანმრთელია და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას წარმატებით შეძლებს.

ბაიდენი ძაღლებს, მეიჯორსა და ჩემპს თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ თან წაიყვანს. მეიჯორი მან და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა უპატრონო ძაღლთა თავშესაფრიდან 2018 წელს აიყვანეს.

ბაიდენს 78 წელი 20 ნოემბერს შეუსრულდა. ის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იქნება აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე. 3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან საარჩევნო კოლეგიაში, ჯამში, 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. პრეზიდენტად არჩევისათვის 270 ხმა არის საჭირო. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

ჯო ბაიდენი და მეიჯორი

კომენტარები