ეკონომიკა

თურნავა მოლებზე: ფასდაკლებების გამო შექმნილი აჟიოტაჟი ყოვლად მიუღებელია

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მთავრობამ გაითვალისწინა სავაჭრო ცენტრების პრობლემები და მათ წინასაახალწლო პერიოდში მუშაობის უფლება მისცა. 

თურნავას თქმით, შეზღუდვების დაწესებამდე, ფასდაკლებები გამო სავაჭრო ცენტრებში შექმნილი სურათი ყოვლად მიუღებელია და ეს მოლებისთვის გამოწვევა იქნება 24 დეკემბრის შემდეგაც. 

"გარდა ამისა, ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულმა ფასდაკლების აქციამ და ეს აქტუალური იქნება, თუნდაც 24 დეკემბრის შემდეგ. მათ უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა, იმიტომ რომ ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს". – ამბობს თურნავა.

მინისტრის თქმით, მოლებმა უნდა დაარწმუნოს მთავრობა იმაში, რომ მათ შეუძლიათ აჟიოტაჟური მოთხოვნისა და რიგების მართვა ისე, რომ ეპიდემიური საფრთხე არ შექმნან. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ცენტრები მთავრობის მიერ დაწესებული ახალი მასშტაბური შეზღუდვების გამო დაიხურა. ამ დროისთვის მთავრობაში ამბობენ, რომ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში მიეცემათ. 

შეზღუდვების გამო, თბილისში არსებულმა 5 უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა მთავრობას ღია წერილით მიმართა. მოლების ადმინისტრაციის თქმით, მათთვის ყოველდღიური ზარალი 10 მილიონი ლარია, რა პირობებშიც უბრალოდ ვერ შეძლებენ თანამშრომლების შენარჩუნებას. 

მათი თქმით, თბილისის 5 სავაჭრო ცენტრში 15 000 ათასამდე მოქალაქეა დასაქმებული. ისინი მთავრობას თხოვენ, მუშაობის საშუალება 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან მისცენ. ისინი ამბობენ, რომ ეს მათ საშუალებას მისცემს, უკეთესად მართონ მოთხოვნა და რიგები. 

მოლების ადმინისტრაცია მთავრობისგან, ასევე, მოითხოვს სხვა სექტორებისთვის დაწესებული საგადასახადო თუ სხვა შეღავათებით სარგებლობას. 

კომენტარები