დავითგარეჯის საქმე

"214 თავდები გვყავს" – საქალაქოში მელაშვილი-ილიჩოვას პროცესი და მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოს შენობასთან იმართება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქციაც.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, უფლებადამცველები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა, მისი აზრით, პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. 

"პროკურატურის პოზიცია ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, თუმცა, ლოგიკურია, რომ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ, დაახლოებით, 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს იყვნენ ბრალდებულების თავდებები.

ჩვენ წარვადგენთ ახალი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადავო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, უვარგისია კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები სრულ აცდენაშია რეალობასთან, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, იყო გამოუსადეგარი". – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა

ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა.

"214-მა ადამინმა, მათ შორის უმეტესობა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, რომელიც სარგებლობს მაღალი რეპუტაციით, განაცხადა თანხმობა, რომ ისინი ჩაუდგებიან თავდებში დაკავებულებს". – თქვა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

საქალაქო სასამართლოსთან ასევე იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო პოლიტიკური თამაშების მძევლები არიან. 

"ისინი არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც, არათუ დაკავება, არამედ ამ ადამიანებს მადლობა ეკუთვნით ჩვენი სახელმწიფოსგან. ერთადერთი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად - ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პოლიტიკური ბინძური თამაშები". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ეს "გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ პროკურატურა არ არის მზად".

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დადგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები