ახალი კორონავირუსი საქართველოში

რატომ გამორიცხავდა დედაქალაქის მერი მეტროს დაკეტვას

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 25 ნოემბერს, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მეტრო მუშაობას არ გააჩერებს და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას, პრემიერმა თქვა, რომ 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აჩერებს მუშაობას, მათ შორისაა მეტროც.

"როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი". – თქვა გიორგი გახარიამ.

რატომ არ იცოდა დედაქალაქის მერმა მეტროს დაკეტვის თაობაზე? ამ კითხვით ტაბულა თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ კახა კალაძე მეტროს გაჩერებას ინფიცირებული თანამშრომლების მიზეზით გამორიცხავდა.

გუშინ, თბილისის მერი, კახა კალაძე იმის გარდა, რომ მეტროს დახურვას უარყოფდა, დამატებით იმასაც ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს.

"ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, დადებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება, მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას". – თქვა კალაძემ.

ვრცლად, თუ რა დამატებითი შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან ნახეთ აქ.

კომენტარები