ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ვიცეპრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, თქმით, მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიუღია. ამის შესახებ ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"როგორც მედიით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინაც და დღესაც ჩვენ მივიღებდით სისტემური ლოკდაუნების შესახებ გადაწყვეტილებას. ვიმეორებ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არაა მიღებული". – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით

კომენტარები