ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.
21 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 100 684 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 81 783 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 927 კი გარდაიცვალა. სულ 17 948 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.





