არჩევნები 2020

"ყველა აქცია ჩავხსენით" – ოპოზიცია ოცნების II ტურს სრულ იგნორს უცხადებს

ტაბულა

ოპოზიცია ქართული ოცნების მეორე ტურის დღეს აქციას არ გამართავს. ლელოს ოფისში შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ 21 ნოემბერს სრული იგნორი გადაწყვიტეს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას შეფასებით, "ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არქმევს არჩევნების მეორე ტურს, არის სრული იგნორი". მისი თქმით, "ეს მეორე ტურები არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისთვის, რომ ივანიშვილმა გაიპრავოს 31-ში ჩადენილი ძალადობა და გაყალბება".

"საზოგადოების და მთელი ოპოზიციური სპექტრის ყველაზე სწორი რეაქცია არის იგნორი, იგნორი და მხოლოდ იგნორი" - ამბობს უგულავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ნებისმიერი სახის პროტესტი, აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილები, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება - სრული ინგორი ხვალინდელი დღის, არაფერი იქნება საერთოდ, არავითარი აქცია, ყველაფერი ჩავხსენით. ხვალ იმ ახალგაზრდებს, ვისაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში, უნიკალური შანსი ექნებათ, ერთი დღე გაატარონ საბჭოთა საქართველოში, ნახონ, როგორ ირჩეოდა ერთპარტიული პარლამენტი. ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება" - თქვა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ,  სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ან რომელიმე პოლიტიკური პარტია ინდივიდუალურად თუ გადაწყვეტს რაიმე სახის პროტესტს, ეს მათი ნებაა.

"მაგრამ საერთო ოპოზიციურ ფორმატში არანაირი აქცია არ გაიმართება" - განაცხადა უდუმაშვილმა მთავარ არხთან საუბარში.

ხვალ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 ოლქში მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობს. თავდაპირველად, ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრეს.

კომენტარები