არჩევნები 2020

შსს: სირცხვილის დერეფნების ორგანიზება სცდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურზე "სირცხვილის დერეფნების" ორგანიზებას ეხმაურება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ "სირცხვილის დერეფნების" ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. "სირცხვილის დერეფნების" მოწყობას გეგმავენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი, მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე". – თქვა კახა საბანაძემ.

15 ნოემბერს ბათუმში გამართული აქციის დროს ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან "სირცხვილის დერეფნები" გააკეთონ. ამასთან, მოწოდებას ოპოზიციის არაერთი ლიდერი გაემიჯნა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ ის პირადად სირცხვილის დერეფნების მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მას ხალხთან არ აქვს პრობლემა.

იდეას ასევე ეხმაურება ენმ-ის ლიდერი, სალომე სამადაშვილიც. სამადაშვილი წერს – "მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე დაწერა, რომ სრულად ეთანხმება ყველას, ვისაც, თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს. დეკანოიძე ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლებს პირიქით უნდა ესაუბრონ, რადგან არჩევნები მათაც მოპარეს.

სირცხვილის დერეფნების ორგანიზებას არ ეთანხმება პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი Facebook-ზე წერს, რომ მისთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა მოქალაქეების მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება.

იდეას არ ეთანხმება ლელოს წევრი დავით უსუფაშვილიც. უსუფაშვილის თქმით, "სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება". 

კომენტარები