არჩევნები 2020

ჯაფარიძე კალაძეზე: სადღეგრძელოს ტიპის განცხადებით ეს პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება

ტაბულა

"ასეთი სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით ეს პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება". - ასე ეხმაურება გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიმართვას. 

კალაძემ ოპოზიციის წევრებს მიმართა:  "მეგობრებო, უნდა მოვნახოთ საერთო ენა, პარლამენტიდან ვუპასუხოთ გამოწვევებს".  

"ასე უპირობოდ, რომ "უბრალოდ მოდით ახლა, ქვეყანას უჭირს და ამის გამო შემოდით პარლამენტში და მერე ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, კარგი ხალხი ვართ და ქართველები არა ვართ, ნუ ვიჩხუბებთ" - ასეთი, სამწუხაროდ, სადღეგრძელოს ტიპის განცხადებებით ეს პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. სალაპარაკოა და მოლაპარაკების მაგიდასთანაა გადასაწყვეტი ეს კრიზისი". - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

ჯაფარიძის თქმით, ახლა "ბურთი ხელისუფლების მოედანზეა" - "ოცნებამ" უნდა უპასუხოს იმ წინადადებას, რაც, ჯაფარიძის სიტყვებით, "ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე დადო". 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

კომენტარები