ეკონომიკა

FDI გრანტი – მთავრობა თანადაფინანსების ახალ პროგრამას ქმნის

ეკონომიკის სამინისტრო

მთავრობა ქმნის თანადაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ქოლგის ქვეშ განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

თურნავას თქმით, ახალი პროგრამა უცხოურ ინვესტიციებს შეეხება და მათ თანადაფინანსებას გულისხმობს. "ახალი პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ზრდის მიზნით, იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და ისინი მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, აიღებენ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირებისა და მინიმუმ 150 მოქალაქის დასაქმების ვალდებულებას. პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიეცემა თანადაფინანსება, ე.წ. FDI გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის მთავარი მიზნობრიობა ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება იქნება.", – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს პროგრამა ძირითადად იმ პროექტებზე გავრცელდება, რომელიც გადამამუშავებელ ინდუსტრიას ეკუთვნის. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 237,8 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით მეტია. 

ზრდა ნომინალურად 1,2 მილიონი დოლარია. ისედაც უმნიშვნელო ზრდას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები მკვეთრად მცირდება. მაგალითად, 2018 წლის მეორე კვარტალში სულ 406,1 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც მიმდინარე მაჩვენებელს 41%-ით აღემატება. 

კიდევ უფრო შესამჩნევია კლება. თუკი წლის ორივე კვარტლის მონაცემებს დავაჯამებთ, გამოვა, რომ საქართველოში სულ 409,6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2020 წელი - $409,6 მილიონი;
  • 2019 წელი - $550,3 მილიონი;
  • 2018 წელი - $734,7 მილიონი;
  • 2017 წელი - $808,9 მილიონი; 
  • 2016 წელი - $845 მილიონი;
  • 2015 წელი - $836 მილიონი;
  • 2014 წელი - $549,5 მილიონი;
  • 2013 წელი - $515,9 მილიონი;
  • 2012 წელი - $560 მილიონი;
  • 2011 წელი - $495,7 მილიონი;
  • 2010 წლი - $387,6 მილიონი.

გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, წელს ინვესტიციების მოცულობა 25%-ითაა შემცირებული.

კომენტარები