არჩევნები 2020

ბოტკოველი: ენმ-ს სახელით, 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, უარს ვაცხადებთ II ტურში მონაწილეობაზე

ტაბულა

თელავში, ყვარელში, ლაგოდეხსა და ახმეტაში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის 12-ვე მაჟორიტარობის კანდიდატი უარს აცხადებს მეორე ტურში მონაწილეობაზე.


"მინდა განცხადება გავაკეთო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობის" სახელით, ჩვენ ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი არჩევნების შედეგად ვართ დღეს მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რაც დადგა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს და უნდა, რომ ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის 2 კანდიდატი, რომელიც ასევე იმყოფება მე-2 ტურში. ჩვენ არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ იმ გაყალბებულ არჩევნებში, რომლითაც ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი." – აცხადებს გიორგი ბოტკოველი


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს ჩატარდება.


31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

 

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები