არჩევნები 2020

გახარია პომპეოზე: შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ძირითადი თემები, რომლებიც იყო განხილული, პირველ რიგში, გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის მთავრობისა და ხალხის სახელით ქართველ ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და, რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. 

ჩვენ, საბოლოო ჯამში, შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. 

ამ ჭრილში, რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენოთ, რომ 21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება სწრაფად, პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში ერთობლივად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას.

კომენტარები