არჩევნები 2020

ჯაფარიძე რიკერზე: ავუხსენით, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს და ასე ბრძოლა უშინაარსოა

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წარმომადგენლის, ფილიპ რიკერის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას. 

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, რიკერს მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, თუ როგორ აფასებენ სიტუაციას. 

"არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო". - თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ "ამ რეალობაში პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა". 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

ქვეყნის დატოვებამდე პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ

კომენტარები