ევროკავშირი

ევროპარლამენტარი: საჩივრები უნდა მოგვარდეს, პარტიებს მოვუწოდებ, შევიდნენ პარლამენტში

ევროპარლამენტარი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს:

"მსურს, გავიხსენო ევროპარლამენტის წინა შეფასება, საერთაშორისო დამკვირვებლების და განსაკუთრებით, ექსპერტების ძირითადი ჯგუფის და ეუთო/ODIHR-ის მიერ განთავსებული გრძელვადიანი დამკვირვებლების დასკვნების შესაბამისად, რომ ეს არჩევნები კონკურენტიანი, კარგად ადმინისტრირებული იყო, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით, მთლიანობაში დაცული იყო, ზოგი დარჩენილი ხარვეზის მიუხედავად, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

ყველა დასაბუთებული აპელაცია და საჩივარი, რომელიც საარჩევნო კომისიას წარუდგინეს უნდა მოგვარდეს სამართლიანი, საფუძვლიანი და მკაცრი ფორმით, კანონისა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.

ჩემდა სამწუხაროდ, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც იმედგაცრუებულია პირველი ტურის შედეგებით, დააანონსეს თავიანთი განზრახვა, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურს და უარი თქვან პარლამენტში თავიანთ ადგილებზე მაშინ, როდესაც სხდომა დაიწყება. მე ძალიან მჯერა, რომ ეს მიზანმიმართული მცდელობა, შეფერხდეს ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირება, რაც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარუმატებელი იქნება. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და მიიღონ თავიანთი მანდატები პარლამენტში, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ ნებას.

მე გულწრფელად მივესალმები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირისა და აშშ ელჩების ეგიდით მიმდინარე დიალოგს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტაბილურობის გზას და ველი შემდგომ თანამშრომლობას საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტთან". - წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები