არჩევნები 2020

საქალაქო სასამართლომ ევროპული საქართველოს არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული საქართველოს არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. პარტია 30 ოლქში შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებდა. ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, პარტია გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრებს.

"კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე ცესკოს მხრიდან არჩევნების შეჯამებას. ეს აკრძალვა ცესკომ დაარღვია, მაგრამ სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა, აქაც პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი.

ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი შეფასებით, უკანონოა, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში". – თქვა კახიძემ.

13 ნოემბერს ევროპული საქართველოს წევრები ასევე იმყოფებოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო ოქმების საჩივრების განხილვის სხდომაზე, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკომ პარტიას ამ შემთხვევაშიც არცერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ. ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს ჩანიშნულ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

კომენტარები