არჩევნები 2020

დავითულიანი ოპოზიციის აქციაზე: გვახსოვს წაგებული ომის მერე ჯაჭვები

თბილისის საკრებულო

ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დროს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ამბობს, რომ "მათ არავინ უშლის" და იქვე აღნიშნავს, რომ "ეს არაფერს შეცვლის".

"ოპოზიციის აქციას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ არავინ უშლის. რაღაც ჯაჭვზე საუბრობენ, ხო? ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, წაგებული ომის მერე ჯაჭვები ხმის გასაგონად და წაგებული არჩევნების მერეც ვნახავთ ჯაჭვს და ეს არაფერს არ შეცვლის". – ამბობს დავითულიანი. 

მისივე თქმით, აქციები იმიტომ ტარდება, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოხდეს,"ზოგმა ვერ შეძლოს თავისი პოლიტიკური ნების დაფიქსირება, არ მივიდეს საერთოდ, მოერიდოს კონფლიქტს, დაძაბულობას და ამ ვითომ სირცხვილის კორიდორებში გავლას".

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. 

18 ნოემბერს, 11:00 საათზე ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები