არჩევნები 2020

ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ

ევროპული საქართველო

ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. 

პოლიტიკოსების თქმით, ისინი სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ და ტექნიკურ დეტალებს შეათანხმებენ. 

"დღეს ძირითადად ვიმსჯელებთ საორგანიზაციო საკითხებზე. როგორც იცით, ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას იმ დღეს, როდესაც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იქნება. ეს იქნება ძალიან სანახაობრივი აქცია". – თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.  

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზეც იმსჯელებენ. 

"ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. ეს გეგმა გულისხმობს, როგორც დიალოგის პროცესში მონაწილეობას, ისე ერთიანი პროტესტის გაგრძელებას". – ამბობს ლელოს წევრი საბა ბუაძე მთავარი არხის ეთერში. 

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

 

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები