არჩევნები 2020

ბაქრაძე: ისედაც რთული დიალოგი უფრო გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ

"ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე.

დავით ბაქრაძის თქმით, დიალოგის პროცესი გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც, როგორც ბაქრაძე განმარტავს, ვადების დაჩქარებით იქნა მიღებული.

"რა თქმა უნდა, დაველოდებით, რას წარმოადგენს ქართული ოცნება, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც იქნა მიღებული ვადების დაჩქარებით, სასამართლოს უფლების წართმევით ოპოზიციისთვის და კანონის პირდაპირი დარღვევით. ესაა რეალური პასუხი ხელისუფლების მხირდან, აქ მიმდინარე დიალოგზე, სიტუაციის დეესკალციის მცდელობაზე, ამიტომ, ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა, დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ გამოსავალი მოვძებნოთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ". – ამბობს ბაქრაძე.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არცერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები