ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის პაციენტმა COVID 19 დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 102 წლის პაციენტმა ახალი კორონავირუსი დაამარცხა. მოხუცებული ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, გალინა ბებო თავს კარგად გრძნობს და ის საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება.

ამ დროისთვის, კლინიკაში 77 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 კრიტიკულად მძიმეა. იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში 3 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 957 პირი.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები