ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს ტოვებენ მას შემდეგ, რაც 4 დეპუტატი გაუშვეს

ჰონგ-კონგის პარლამენტიდან ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი გაუშვეს, რის შედეგადაც, დარჩენილმა ოპოზიციონერებმა პარლამენტიდან წასვლა დააანონსეს.

11 ნოემბერს ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული რეზოლუციით, ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოში ყველას, ვინც დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და უარყოფს პეკინის იურისდიქციას ჰონგ-კონგზე, ეძებს დახმარებას "უცხო ქვეყნებიდან ან საგარეო ძალებისგან, რათა რეგიონის შიდა საქმეში ჩაერიოს" ან სჩადის "სხვა ქმედებებს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის", ეკრძალება ჰონგ-კონგის საკანომდებლო საბჭოში დეპუტატობა.

ჰონგ-კონგში ზაფხულში პეკინის მიერ დაწესებული ახალი ეროვნული უშიშროების კანონით, რითაც ჰონგ-კონგის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა, პეკინს შეუძლია გააგდოს "არაპატრიოტი" ოპოზიციის წევრები. 

მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ჰონგ-კონგელი კანონმდებლების დათხოვნაზე განაცხადა, რამდენიმე წუთში ჰონგ-კონგის მთავრობამ ოთხი ჰონგ-კონგელი კანონმდებლის, ალვინ იეუნგის, დენის ქვოქის, ქვოვ ქაკის და ქენეთ ლეუნგის დისკვალიფიკაციის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ოთხ უკვე ყოფილ დეპუტატს სექტემბერში საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს. ახალი რეზოლუციით, ჰონგ-კონგში დეპუტატების გაგდება ისე შეუძლიათ, რომ წინასწარ სასამართლოში ამის გასაჩივრების უფლებაც არ აქვთ.

პეკინი მიესალმება გადაწყვეტილებას. ჰონგ-კონგის სამეკავშირეო ოფისში განაცხადეს, რომ ქალაქი პატრიოტებმა უნდა მართონ. გადაწყვეტილებას ასევე მხარს უჭერს ჰონგ-კონგის პეკინის მომხრე ლიდერი, კერი ლამი.

11 ნოემბერს ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე დანარჩენი 15 კანონმდებელი ხელჩაკიდებული წარდგა მედიის წინაშე და თქვეს "ჩვენ ერთად ვდგავართ!" და მათ პარლამენტიდან წასვლის შესახებ დააანონსეს. 

"პეკინის მიერ ეს არის რეალური აქტი, რაც ჰონგ-კონგის დემოკრატიული ბრძოლის განადგურებას მოასწავებს. ამიერიდან, ნებისმიერს, ვისაც პოლიტიკურად არასწორად ან არაპატირიოტულად ჩათვლიან - ისინი მათ უბრალოდ გააგდებენ," - თქვა დეპუტატმა კლაუდია მომ.

ჩინეთის ჰონგ-კონგის და მაკაოს ოფისმა სხვა დეპუტატების წასვლა დაგმო და თქვა, რომ ეს არის "აშკარა გამოწვევა ცენტრალური მთავრობისთვის".

"ჩვენ გვინდა, გავაფრთხილოთ ოპოზიციის წევრები, რომ, თუ მათ უნდათ, ეს რადიკალური წინააღმდეგობის წასახალისებლად გამოიყენონ და საგარეო ძალების ჩარევა ითხოვონ ჰონგ-კონგის კვლავ ქაოსში გასახვევად - ეს არასწორი გათვლაა" - ნათქვამია განცხადებაში.

11 ნოემბერს საღამოს დეპუტატების გაშვების გადაწყვეტილებას რამდენიმე აქცია მოჰყვა. აშშ-მ, გერმანიამ, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთის ნაბიჯი დაგმო. 

ჰონგ-კონგის საკანომდებლო საბჭო ერთ-ერთი იყო იმ მცირე რაოდენობის პლატფორმათაგან, სადაც პეკინისგან განსხვავებული აზრის გაჟღერება იყო შესაძლებელი. ზაფხულში მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონით და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით გასულ წელს დაწყებული პროდემოკრატიული აქციები დასრულდა.

ჰონგ-კონგის მთავრობამ სექტემბერში დანიშნული საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები ახალი კორონავირუსის საბაბით ერთი წლით გადადო.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები