ეკონომიკა

IMF-თან შეთანხმებით მთავრობა სახელმწიფო ვალის მოცულობას ზრდის და მშპ-ს 60%-ს გადააჭარბებს

საქართველოს მთავრობა

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან [IMF] შეთანხმებით, მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობა დაგეგმილზე მეტი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. 

ამ დროისთვის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 58.6%-ს შეადგენს, 29.3 მილიარდ ლარს უტოლდება. მომდევნო წლებში ახალი ვალის მოზიდვის შედეგად ვალის მიმართება მშპ-სთან კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. 

ამგვარად, იცვლება მომდევნო ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელიც. 2021 წლის ბიუჯეტი 5.1% დეფიციტის მაგივრად 7.6%-იან დეფიციტის მაჩვენებელზე დაყრდნობით დაიგეგმება. 

სავალუტო ფონდის პროგნოზით ვალის მაჩვენებელი კანონით განსაზღვრულ 60%-იან მაჩვენებელს 2023 წელს დაუბრუნდება. 

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, მომდევნო წელს მთავრობა ჯამურად 17 მილიარდ ლარს დახარჯავს. უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტის ეს ვერსია არ ითვალისწინებს პანდემიის წინააღმდეგ გამოსაყოფ თანხებს, ახალი ვალის მოზიდვა კი მთავრობას სწორედ ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ზომების დასაფინანსებლად დასჭირდა. 

საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს ქართული ოცნების მთავრობამ უკვე 8 მილიარდი ლარის ვალი აიღო. აქედან 6.2 მილიარდი ლარი საგარეო ვალია, ხოლო 1.8 უფრო ძვირიან საშინაო ვალს განეკუთვნება. 

შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელმა 8%-ს გადააჭარბა, რამაც დამატებითი წნეხი შექმნა ლარის გაუფასურების ასპექტში. კრიზისის დაწყების შემდეგ მთავრობა აცხადებდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მომდევნო წლებში სტაბილურად 3%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდებოდა, თუმცა სავალუტო ფონდთან ახალი შეთანხმების მიხედვით ეს შეუძლებელი იქნება. 

ახალი, გაზრდილი საგარეო ვალის კონკრეტული პარამეტრებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია 30 ნოემბერს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მთავრობა ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.

კომენტარები