კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 013 გამოვლინდა, აჭარაში - 502, იმერეთში - 517, ქვემო ქართლში - 192.განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გურიაში - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 332, კახეთში - 100, მცხეთა-მთიანეთში - 107, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.
ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 11 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში ასევე 11, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1, გურიაში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 2 ადამიანი.
12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.
მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.





